"გორელები" შინ განმეორებით 1/4 ფინალს უპირატესობით შეხვდებიან!

ყველა სიახლე
12 მარტი 2023


ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები „გორი“-ს და „ევროპის უნივერსიტეტი 2“-ის მატჩით გაგრძელდა.  უხვგოლიანი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და „გორელების“ სასარგებლოდ 6-4 დასრულდა.

„გორი“ მეორე წუთზევე დაწინაურდა. ტაიმის დასრულებამდე „სტუდენტებმა“ წონასწორობა აღადგინეს და ოცდამეშვიდე წუთზე წინ გავიდნენ. „გორმა“ მეტოქეს ზედიზედ ოთხი გოლი გაუტანა და სხვაობა კომფორტული გახადა. ბოლო წუთზე „ეუ 2“ უპირატესობით შეტევაზე გადავიდა, ორი ბურთი გაქვითა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ საპასუხო გოლიც მიიღო და საბოლოოდ 6-4 დამარცხდა.

„გორი“-ს რიგებიდან დუბლი ნიკა ოქროპირიძემ და გიორგი მჭედლიშვილმა გაიფორმეს. „EU2”-ის მხრიდან ორი გოლი გიორგი სვანიძის ანგარიშზეა. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

აველო კიკვაძე, EU 2: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ბოლო წუთამდე ვერ გაირკვეოდა ვინ დაამთავრებდა მოგებით. სატურნირო ცხრილში ჩვენ ცოტა ქვემოთ ვიყავით, რამდენიმე თამაში წავაგეთ და ვემზადებოდით პლეიოფებისთვის, რომ რაც შეცდომები გვქონდა აქამდე გამოგვესწორებინა. მეორე შეხვედრაში წაგება არანაირად  შეიძლება. დღეს გარდამტეხი ეტაპი, ჩვენი ხუთზე შეტევა იყო, არასწორი შეტევის გამო გოლი გაგვივიდა და შემდეგ უკვე დროც აღარ გვეყო“.

ნიკა ოქროპირიძე, გორი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. პირველი ტაიმი ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მაყურებელმა მაინც ისიამოვნა, რადგან ბევრი გოლი გავიდა. ჩვენთვის მთავარი მომენტი მეტოქე გუნდის ცენტრალური მცველის შეცდომა იყო, რომელიც ჩვენ კარგად გამოვიყენეთ და თამაში ჩვენ სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ. რა თქმა უნდა,როცა გულშემატკივარი მხარს გიჭერს ეს დადებითად მოქმედებს, ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა და ვეცდებით სახლში ასეთი მომენტების რეალიზება მოვახდინოთ“.

მეოთხედფინალების დარჩენილ შეხვედრებში „თსუ2“ „საქართველოს უნივერსიტეტს“ ეთამაშება, დასკვნით მატჩში კი „ილიაუნი2“ „წალენჯიხა“-ს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024