ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონი "სელერო"-ს პირველი მოგებით დასრულდა!

ყველა სიახლე
05 მარტი 2023


ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონში რეგულარული ეტაპი „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ის და „სელერო“-ს მატჩით დასრულდა. „სელერო“-მ მეტოქე 6-4 დაამარცხა და ბოლო ტურის შეხვედრაში პირველი ქულები მოიპოვა.

„სელერო“-მ ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა და ტაიმის ბოლოს მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით უგებდა (4-1), ოცდამეექვსე წუთამდე კი კიდევ ორი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში „სტუდენტებმა“ შეძლეს სხვაობის შემცირება, მაგრამ საბოლოო შედეგი ვერ შეცვალეს და წრიული ეტაპის ბოლო შეხვედრაში დამარცხდნენ. გამარჯვებულთა რიგებიდან ჰეთ-თრიკი მიხეილ მესხმა შეასრულა, დუბლით და ერთი საგოლე გადაცემით კი გუნდის საუკეთესო მოთამაშე ნოდარ კენკებაძე გახდა.

რეგულარულ სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით მეოთხედფინალური ერთმანეთს შემდეგი გუნდები შეხვდებიან: „დინამო“ vs „სელერო“, „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ vs „სასკოლო ლიგის აკადემია“, „ქუთაისი 3“ vs „რუსთავი“, „UG2" vs „ჯიპა“.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნოდარ კეკენაძე, სელერო: „კარგი თამაში იყო. სამწუხაროა, რომ პირველი ქულები ახლა მოვიპოვეთ. შედეგის გამოც დღევანდელი მატჩი ალბათ ჩვენთვის საუკეთესო იყო, მაგრამ აქამდეც არ ვთამაშობდით ცუდად, უბრალოდ არ გამართლების მომენტი იყო. თავიდან დიდი უპირატესობა გვქონდა, შემდეგ რაღაც მომენტში მოვდუნდით და გავფლანგეთ ეს უპირატესობა. საბოლოოდ, მოვახერხეთ მობილიზება და სამი ქულის მოპოვება. მთავარი პლეი ოფის შეხვედრებია. ვიცით, რომ დინამოს ვეთამაშებით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ბოლომდე ვიბრძოლებთ. გვქონდა მათთან ერთი შეხვედრა და ნამდვილად ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

რამინ ბერაია, UG2: „სეზონის სტარტიდან გამომდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოვიაზრებოდით, მაგრამ შემდგომ როტაციამ გუნდში გარკვეული ცვლილებები განაპირობა, რაც ცუდად აისახა ჩვენზე, რადგან ძირითადი ბირთვის წევრებად მოაზრებულმა მოთამაშეებმა დაგვტოვეს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სეზონის რეგულარული სეზონის სტარტი და დასასრული ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. სელერო-ს დღეს თავიდანვე მოპოვებული ოთხბურთიანი უპირატესობა ძალიან დაეხმარა. ჯიპას ვხვდებით შემდეგ ეტაპზე, მათთან ერთი თამაში მოგებული გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ამ გუნდს დიდი პროგრესი აქვს. ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ ნახევარფინალში გასასვლელად და ჩემპიონობა გვსურს“.

ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 მარტს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024