"ქუთაისი 3"-ის და "UG2"-ის დაძაბულ მატჩში ლოგიკური ფრე დაფიქსირდა!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2023


ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეექვსე ტურის მორიგ შეხვედრაში „ქუთაისი 3“ „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეხუთე წუთზე „იმერლები“ დაწინაურდნენ. „სტუდენტებმა“ წონასწორობა მალევე აღადგინეს, მეორე ტაიმში კი წინ გავიდნენ, მაგრამ გოლის მიღებიდან რამდენიმე წამში ცოტნე ციბაძემ აქტივში მეორე ბურთი მიითვალა და „ქუთაისმა“ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში კიდევ ერთხელ მოასწრო „UG”-მ უპირატესობის მოპოვება. საბოლოო ანგარიში კი ოცდამეთერთმეტე წუთზე ალექსანდრე არსენიძემ დააფიქსირა (3-3). „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს რიგებიდან დუბლი შალვა გუგუნავამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე არსენიძე, ქუთაისი 3: „მთლიანობაში ძალიან კარგი მატჩი იყო. ორი ახალგაზრდა და თანაბარი ძალების მქონე გუნდი შევხვდით ერთმანეთს. სანახაობრივი და სასიამოვნო თამაში შევთავაზეთ მაყურებელს. ფრე დაფიქსირდა, რაც სავარაუდოც იყო. ამ ეტაპზე, ცხრილშიც თანაბარი ქულები გვაქვს, მაგრამ ერთით წინ ჩვენ ვართ. ერთადერთი რასაც ვიტყოდი არის ის, რომ ვფიქრობ, მეტი მომენტი გვქონდა და რეალიზაცია დაგვაკლდა“.

რამინ ბერაია, UG2: „პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, ჩვენს მიერ რაც გამართულა. ქუთაისს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, რამდენიმე მათგანი უმაღლეს ლიგაშიც თამაშობს, რაც მათ ეხმარებათ. დღეს ორივე ტაიმი ერთი ტემპით მიმდინარეობდა. იმდენად ერთნაირი გუნდები ვხვდებოდით ერთმანეთს, დაფიქსირებული ფრეც ლოგიკურია. ნებისმიერი მაყურებელი იტყოდა, რომ რა შედეგიც მივიღეთ სრულიად რეალურია“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეექვსე ტურის დარჩენილი ორი მატჩი 19 და 26 თებერვალს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024