XI ტურის შემდეგ თსუ 2 სატურნირო ცხრილის სათავეშია!

ყველა სიახლე
07 თებერვალი 2023


ფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეთე ტურის დასკვნით მატჩში თსუ 2 ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდა, პრინციპულ მეტოქესთან მარტივი სამი ქულა მიითვალა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

თსუ პირველივე წუთებზე ორი ბურთით დაწინაურდა და ტაიმი 3-1 მოიგო. მეორე ნახევარშიც მალევე შეძლო სხვაობის სოლიდურად გაზრდა. „ილიაუნი“-მ ერთწუთიან ინტერვალში ჩამორჩენა სამ ბურთამდე დაიყვანა, მაგრამ „თსუ“ კვლავ წინ გაიჭრა, საბოლოოდ 8-3 იმარჯვა და მეტოქის სამმატჩიანი წაუგებელი სერიაც დაასრულა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თორნიკე კვიტატიანი, თსუ 2: „თამაშის საწყის ეტაპზევე მოვახერხეთ დაწინაურება და შემდეგ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა, გაგვიმარტივდა გამარჯვება. მნიშვნელოვანი იყო ეს ქულები, რადგან პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ. სტუდენტური დერბი გვქონდა და ჩვენთვის ამ მხრივაც მნიშვნელოვანი იყო მოგება. იმედია, რეგულარულ სეზონს პირველ ადგილზე დავასრულებთ. თავიდანვე წინ გასვლის შემდეგ მეტოქე კონტრშეტევებზე წამოვიდა და ეს გამოვიყენეთ, სისწრაფეზე თამაში გაგვიმარტივდა, როცა უკან სივრცეები იყო. ამან განაპირობა დიდი სხვაობა, თორემ ილიაუნი არ არის მარტივი მეტოქე“.

ბექა მამაგულაშვილი, ილიაუნი 2: „ჩვენთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დავგეგმეთ და ვერ შევასრულეთ ჩვენი დავალებები. თსუ-მ ძალიან კარგი პრესინგი შემოგვთავაზა თავიდან ბოლომდე. წამყვანი მოთამაშეები და ძირითადის მეკარე გვაკლდა, რომლებიც ძალიან გვაძლიერებენ. ჩვენი მეკარისთვის მეორე თამაში იყო, მითუმეტეს ასეთ ძლიერ მეტოქესთან და გამოუცდელობის ფაქტორიც უნდა აღინიშნოს. თსუ ამ ჩემპიონატის ფავორიტია და დასანანი მარცხი იყო, რვა გოლიდან ექვსი ჩვენი ბავშვური შეცდომებით გავუშვით. შემდეგ თამაშებში აუცილებლად მოსაგებად გამოვალთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტური 11 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024