"იმერლებმა" თსუ 2-თან რევანში აიღეს!

ყველა სიახლე
22 იანვარი 2023


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეცხრე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, „თსუ 2“ და „ქუთაისი 2“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი 4-2 „ქუთაისის“ სასარგებლოდ დასრულდა და „იმერლები“ სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ.

„სტუდენტები“ მეთხუთმეტე წუთზე დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლო ორ წუთში „ქუთაისმა“ მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და მეორე ნახევარს ორბურთიანი უპირატესობით შეხვდა. თამაშის განახლებიდან მალევე „თსუ“-მ ერთი ბურთი გაქვითა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თამაშის ბოლომდე კი აქტიურად უტევდა, მაგრამ „ქუთათურებმა“ ბოლო წამებზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ბაკურ გულუამ გაიფორმა.

გუნდების პირველი დაპირისპირება მიმდინარე სეზონში თსუ 2-ის გამარჯვებით 5-2 დასრულდა. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2: „ნამდილად მნიშვნელოვანი მატჩი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს უკან მდგომ გუნდს ვეთამაშებოდით და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავდიოდით. ვინც ამ ეტაპზე გვასწრებს ცხრილში, კიდევ გვაქვს მათთან სათამაშო და კიდევ გვექნება დაწინაურების საშუალება. ყველა თამაშში მოსაგებად გამოვდივართ. დღეს დავაკელით რაღაც ამ თამაშს და გვაჯობა მეტოქემ. სამი სწრაფი ბურთი გავუშვით და ამის შემდეგ გაგვიჭირდა თამაშში დაბრუნება. ვულოცავ ქუთაისს გამარჯვებას“.

ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „ „თსუ“-ს არაჩვეულებრივი ბიჭები ჰყავს, მადლობა მათ კარგი თამაშისთვის. გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე უვარჯიშებელი ვიყავით და ყველამ მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ მოსაგებად. ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე და სხვაგვარად არც ველოდით, დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა გამოვიდა. სასიამოვნოა პირველ ადგილზე გადასვლა, მითუმეტეს იმ ცუდი სტარტის შემდეგ, რაც გვქონდა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეათე ტური 29 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024