"UG2" პირველივე წამებზე დაწინაურდა და მეტოქეს ხუთი ბურთით აჯობა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონი პაუზის შემდეგ განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეოთხე ტურმა სტარტი „რუსთავისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ის დაპირისპირებით აიღო. UG-მ მეტოქე იოლად დაამარცხა, ანგარიშით 6-1.
„სტუდენტებმა“ თამაშის სტარტზე პირველივე შეტევა გამოიყენეს და მეთოთხმეტე წამზე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობა არ დაუთმიათ. UG-მ სხვაობა მალევე გაზარდა სამ ბურთამდე. ტაიმის ბოლოს „რუსთავმა“ მეტოქეს ერთი გოლით უპასუხა, მაგრამ მეორე ნახევარში საკუთარ კარში კიდევ სამი მიიღო და დიდი ჩამორჩენით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი რამინ ბერაიამ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გურამ ტაბატაძე, UG 2: „კარგი შეხვედრა იყო, ვიბრძოლეთ და ბოლომდე ვითამაშეთ. ადაპტაციისთვის დრო გვჭირდებოდა. მშვენივრად დავიწყეთ ახალი წელი და მზად ვართ მომდევნო გამარჯვებებისთვის. პირველივე წუთებზე გატანილმა გოლმა, ვფიქრობ, ყველაფერი გადაწყვიტა და მსგავსი ანგარიშიც ამან განაპირობა. დღეს მეტოქესთან შედარებით უფრო მონდომებულები ვიყავით, მაგრამ კარგი ბიჭები არიან და წარმატებებს ვუსურვებ“.
ბექა ღამბარაშვილი, რუსთავი: „პირველი თამაშის შემდეგ ვერ ავეწყვეთ. გაგვიჭირდა დიდი ფეხბურთიდან გადმოსვლა. ვვარჯიშობთ და ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ. ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა დღეს, მათი მეკარე ფანტასტიკური იყო, ალბათ დღევანდელი დღის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ის იყო, ბევრი ბურთი აგვიღო. მომენტები რომ გამოგვეყენებინა, ასეთი ანგარიშით არ დასრულდებოდა. ჩვენი პრობლემაა მოძრაობა, ძირითადად ვდგავართ და ფუტსალისთვის საკმარისად არ ვმოძრაობთ“.
ფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის სხვა შეხვედრები 22 იანვარს გაიმართება.