"სტუდენტურ დერბიში" ილიაუნი 2-მა EU 2-თან იმარჯვა!

ყველა სიახლე
21 იანვარი 2023


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეცხრე ტურის მორიგ შეხვედრაში „ილიაუნი 2“ „ევროპის უნივერსიტეტი 2“-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 იმარჯვა.

პირველი ტაიმი ილიაუნიმ ლაშა კურტანიძის დუბლით მოიგო. ოცდამეშვიდე წუთზე EU-მ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტოქემ ორბურთიანი უპირატესობა კვლავ აღადგინა. მატჩის მიწურულს „ევროპის უნივერსიტეტმა“ მეორე გოლიც გაიტანა, ბოლო წუთებზე შექმნილი რეალური მომენტების გამოყენება ვერ შეძლო და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

გუნდების პირველი დაპირისპირება მიმდინარე სეზონში EU2-ის სასარგებლოდ 5-1 დასრულდა, მეცხრე ტურში დაფიქსირებული შედეგით კი ილიაუნი 2-მა რევანში აიღო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა გაგნიძე, EU 2: „ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ყველაზე ძალიან დღეს მწვრთნელი გვაკლდა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ იყო. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დასკვნით ფაზაში არ გაგვიმართლა და ეს იყო მატჩში გადამწყვეტი. რამდენიმე ახალი მოთამაშე დავიმატეთ და უნდა შევთამაშდეთ. პაუზის შემდეგ პირველი მატჩი იყო და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ“.

ლაშა კურტანიძე, ილიაუნი 2: „დაძაბული თამაში გამოდგა. სეზონი ახლა განახლდა და არ ვიყავით შესაბამის ფორმაში. ჩვენი თამაში როგორც გვინდოდა ისე არ წავიდა დღეს, ბოლოს დაიძაბა. ჩვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა მოთამაშებ ტრავმა მიიღო და ცოტა გაგვიჭირდა. ძალიან სასიამოვნოა დუბლით დაბრუნება ლიგა 2-ში, კარგი ატმოსფეროა. გუნდში ახალი მოთამაშეებიც დავიმატეთ, გავძლიერდით და ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის დასკვნითი მატჩი თსუ 2-სა და ქუთაისი 2-ს შორის 22 იანვარს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024