"სასკოლო ლიგის აკადემიამ" "სელერო" დაამარცხა!

ყველა სიახლე
11 დეკემბერი 2022


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები გრძელდება. ერთმანეთს „სასკოლო ლიგის აკადემია“ და „სელერო“ დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი მატჩი 9-5 დასრულდა და „აკადემიამ“ პირველი გამარჯვება იზეიმა.

მატჩის მესამე წუთზე მიხეილ მესხმა „სელერო“ დააწინაურა.  მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და ტაიმის ბოლომდე ორი ბურთით წინ გავიდა. „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ მეორე ნახევარში უპირატესობა გაიმყარა. „სელერო“ ჩამორჩენის შემცირებას პერიოდულად ახერხებდა, მაგრამ მოწინააღმდეგეს ვერ დაეწია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით და ორი შედეგიანი გადაცემით გიორგი სონღულაშვილი გამოირჩა, ორ-ორი ბურთია გიორგი აირაპეტიანის და საბა მოდებაძის ანგარიშზეც. „სელეროდან“ აქტივში ორი გოლი მიხელ მესხმა მიითვალა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი სონღულაშვილი, სასკოლო ლიგის აკადემია: „თავიდან რთულად დავიწყეთ თამაში. დრო გვჭირდება, რომ კარგად შევეწყოთ ერთმანეთს. წინა კვირას რამდენიმე ვარჯიში გვქონდა, ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. ვფიქრობ, დავიმსახურეთ ეს მოგება. პირველი გამარჯვება სასიხარულოა. თანდათან ვეცდებით მოვუმატოთ და ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. დღეს დალაგებული შეტევები გვქონდა, ცხრა გოლი გავიტანეთ და ანგარიშზეც აისახა. ბურთის დაჭერაში მეტი ვარჯიში გვჭირდება. კარგი მოწინააღმდეგე გვყვადა და წარმატებებს ვუსურვებ“.

მიხეილ მესხი, სელერო: „სულ რაღაც ერთი თვეა, რაც დავიწყეთ ვარჯიშები. თავიდან წავიყვანეთ ანგარიში, მაგრამ შემდეგ დაღლამაც იჩინა თავი, ამას დამატებული, ახალგაზრდა მეტოქე გვყავდა, კარგად იყვნენ მომზადებულები და ბევრი ისეთი შეცდომა დავუშვით, რომლის გამოსწორებაც მომავალში შეიძლება. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობდით და მიუჩვეველი ვართ პატარა მოედანზე თამაშს და პატარა კარებს, შესაბამისად, ამ მხრივ გამოუცდელობამაც იჩინა თავი. ბევრი გასატანი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და დასახვეწია ეს ყველაფერი. მონაწილე გუნდებს ეტყობათ, რომ კარგად მომზადებული არიან, ჩვენც ვეცდებით მალე მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტურის სხვა შეხვედრაში "რუსთავი" "დინამო თბილისს" ეთამაშება.

  © SBM, 2016-2024