"გორელებმა" ილიაუნი 2 უშანსოდ დატოვეს!

ყველა სიახლე
10 დეკემბერი 2022


ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი წრის დასკვნითი ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს „გორი“ და „ილიაუნი 2“ დაუპირისპირდნენ. „გორელებმა“ მეტოქე უშანსოდ დატოვეს და სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „სტუდენტები“ დამაჯერებლად დაამარცხეს, ანგარიშით 7-1.

პირველი ტაიმი „გორმა“ ოთხი უპასუხო გოლით მოიგო. მეორე ტაიმში სხვაობა კიდევ სამი ბურთით გაზარდა. მოწინააღმდეგემ თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შეძლო პრესტიჟის გოლის გატანა და სოლიდური ჩამორჩენით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ანიაშვილმა, გიორგი ქურციკიძემ და დავით ტლაშაძემ გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე თათანაშვილი, გორი: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის წრე მოგებით დაგვემთავრებინა. ძალიან კარგად დავიწყეთ სეზონი, შუალედში გვქონდა ცოტა ჩავარდნა, მაგრამ ბოლოს ნამდვილად ასე უნდა დაგვემთავრებინა მეტი სტიმულისთვის. მოწინააღმდეგე კარგი გუნდია. გარდამავალი პროცესი ყველა გუნდშია, სულ გამარჯვება რთულია. აუცილებელია შეფერხებებიც კარგი შედეგის მისაღწევად. როცა გუნდი კარგად დგას, მეკარეც ყვება ტემპს, დღევანდელი ჩემი თამაშიც გუნდის დამსახურებაა“.

გიორგი წიქვაძე, ილიაუნი 2: „მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა, ძალისმიერ ფეხბურთში დაგვჩაგრეს აშკარად. უკან ძალიან გაგვიჭირდა. თავდაპირველად მომენტები გვქონდა, რომლის რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ, ამან ძალიან დიდი დაღი დაასვა თამაშს. ანგარიში, ვფიქრობ, მატჩის ხასიათს არ ასახავდა, მაგრამ პირწმინდად დავიმსახურეთ წაგება, რადგან ყველა ასპექტში გვაჯობა მეტოქემ. მათმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. პირველი წრის შემდეგ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა ლიდერებთან ჩამორჩენა აღმოვფხვრათ. წელს ყველა მეტოქე თითქმის თანაბარია და კონცენტრაციის დაკარგვამ ნებიმისერ თამაშში შეიძლება გამოიწვიოს ჩავარდნა“.

ფუსალის ლიგა 2-ის პირველი წრის დასკვნითი ტური 12 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.

  © SBM, 2016-2024