გორმა პირველი მარცხი საკუთარ კედლებში იწვნია!

ყველა სიახლე
12 ნოემბერი 2022


გორის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები დაუპირისპირდნენ.

ევროპის უნივერსიტეტის მეორე გუნდმა უშუალო კონკურენტი „გორი“ საკუთარ კედლებში 5-2 დაამარცხა. „გორმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და შედეგად EU 2-მა სატურნირო ცხრილში გადაასწრო.

„სტუდენტები“ თამაშის სტარტზე ორი ბურთით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ერთი გოლი მეთექვსმეტე წუთზე გაქვითეს. ტაიმის ბოლომდე EU2-მა უპირატესობა კვლავ გაზარდა (4-1). თამაშის განახლებიდან „გორი“ უფრო გააქტიურდა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ ბოლო წუთზე გიორგი ხაბალაევმა აქტივში მესამე გოლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ხაბალაევი, EU 2: „ძალიან კარგი კონკურენტი გვყავდა გორის სახით. პირველ ადგილზე იყო ცხრილში და კარგი თამაში მოვიგეთ. ამ გამარჯვებით ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადავედით. თავიდანვე მოვიპოვეთ უპირატესობა, ეს ძალიან დაგვეხმარა თამაშის წარმართვაში. მეორე ტაიმი ცოტა დაძაბული იყო, მაგრამ  მაინც შევძელით მოგება. დღეიდან მოვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის”.

ომარ ცარიელაშვილი, გორი: „უშუალო კონკურენტთან დასანანი თამაში წავაგეთ, მითუმეტეს გორში. ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ არის ხოლმე დღეები, როცა იღბალი არ არის შენკენ. უნდა გაგვეტანა ორი გოლი და აქეთ მივიღეთ. მოწინააღმდეგეს ვულოცავ და შემდეგ თამაშებში ვეცდებით, რომ პირველობა დავიბრუნოთ. კონკრეტულად არავის ბრალია დღევანდელი შედეგი, გუნდმა ვითამაშეთ ცუდად, უკეთესად შეგვიძლია და დასანანია, რომ წავაგეთ. ჩემპიონატში თითქმის ყველა ერთი დონის გუნდი ვართ და პატარ-პატარა დეტალები წყვეტს გამარჯვებას. დღეს ბრძოლა არ დაგვიკლია, მაგრამ იღბალი არ იყო ჩვენკენ“.

გორის სპორტის სასახლეში მეოთხე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ქუთაისი  2 საქართველოს უნივერსიტეტს ეთამაშება.

  © SBM, 2016-2024