ილიაუნი 2-მა ტურის დასკვნით მატჩში "წალენჯიხასთან" იმარჯვა!

ყველა სიახლე
23 ოქტომბერი 2022


ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ილიაუნი 2 წალენჯიხას დაუპირისპირდა, კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 2-0 სძლია.

„სტუდენტების“ რიგებიდან ანგარიში მეხუთე წუთზე გიორგი წიქვაძემ გახსნა. ტაიმის ბოლომდე ილიაუნის შანსი ჰქონდა სხვაობა გაეზარდა, მაგრამ გუნდმა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარში უპირატესობა ორ ბურთამდე ნიკა ჩალაძემ გაზარდა. წალენჯიხამ მეტოქეს საპასუხო გოლი ვერ გაუტანა და სადებიუტო მატჩი მშრალი ანგარიშით 2-0 დათმო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლევან მაისურაძე, ილიაუნი 2: „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. ცოტა ხანია რაც შევიკრიბეთ. ბევრი ვარჯიში არ გვქონია, მაგრამ მაინც კარგად გამოვედით. პირველ რიგში, ვულოცავ დათო თაბაგარს მწვრთნელის რანგში პირველი თამაშის მოგებას. ძალიან კარგი გუნდია წალენჯიხა და ვიმედოვნებ, უფრო განვითარდებიან. ამხანაგური მატჩი გვქონდა ამ გუნდთან და ველოდით ბრძოლას. დაძაბული მატჩი იყო, გამარჯვების მოლოდინი გვქონდა“.

ალექსანდრე ღვინჯილია, წალენჯიხა: „ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ილიაუნი გამოცდილი გუნდია. ჩვენთვის ფუტსალი ახალია. გასულ წელს ბიზნეს ლიგაზე გამოვდიოდით, რაც თავისთავად განსხვავებულია. შესაბამისად, გაგვიჭირდა, მაგრამ ვიბრძოლებთ. შანსები გვქონდა ნამდვილად. გამოუცდელობამ დიდი როლი ითამაშა. დამღლელი და შრომატევადი სეზონი გველის. ილიაუნიმ დამსახურებულად გაიმარჯვა დღეს. ვერ ვიტყვი, რომ მომენტების სინაკლებე გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და აქეთ დასანანი გოლები გავუშვით. გამოუცდელობამ გამოიწვია ისიც, რომ საწყის ეტაპზე ბევრს ვჯარიმდებოდით“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტური 30 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024