მოქმედი ჩემპიონის წარმატებული სტარტი!
ყველა სიახლე2022/23 წწ. სეზონში პირველი შეხვედრა ლიგა 2-ის მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისმა გამართა, რომელიც ტურნირში მეორე გუნდით მონაწილეობს. ქუთაისი 2-ის მეტოქე დებიუტანტი სპორტის უნივერსიტეტის გუნდი „სპორტუნი“ იყო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. სპორტუნი შეხვედრის პირველ ნახევარში წინ ორჯერ გავიდა, მაგრამ „ქუთათურებმა“ ორივეჯერ მალევე აღადგინეს წონასწორობა და მეოცე წუთზე დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში „იმერლებს“ უპირატესობა აღარ დაუთმიათ და საბოლოოდ დამაჯერებლად 5-2 იმარჯვეს. გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით ირაკლი გვეტაძე დაეხმარა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბესო არველაძე, სპორტუნის მთავარი მწვრთნელი: „დებიუტანტი გუნდი მყავს. ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული და ჯერ გამოცდილებას აგროვებენ. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ქუთაისი ძლიერი გუნდია, კარგად თამაშობენ. ჩვენი მიზანი წელს გამოცდილების დაგროვება და შემდეგი სეზონისთვის მომზადებაა. გუნდის ძირითადი ბირთვი კარგად არის დაკომპლექტებული და ვფიქრობ, რამდენიმე თვეში კონკურენტუნარიანები ვიქნებით“.
ირაკლი გვეტაძე, ქუთაისი 2-ის მოთამაშე-მწვრთნელი: „პირველ რიგში, გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა გუნდს. დიდი შემართებით ჩავერთეთ ჩემპიონატში, ძალიან გვიყვარს მეორე ლიგა. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზე გვაქვს, მაგრამ გამოცდილების გამო რამდენიმე ძველი მოთამაშეც ვართ დამატებული. ამ სეზონზე სრული შემართებით დავიცავთ ჩვენს ტიტულს“.
პირველი ტურის დარჩენილ მატჩებში თსუ 2 გორს ეთამაშება, ილიაუნი 2 „წალენჯიხას“ დაუპირისპირდება.