თსუ 2 ფუტსალის ლიგა 2-ის ბრინჯაოს პრიზიორია!

ყველა სიახლე
06 ივნისი 2022


ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა.

დაძაბული და სანახაობრივი გადამწყვეტი მატჩი თსუ 2-სა და ილიაუნი 2-ს შორის 5-2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში გიორგი გიორგაძემ მეცამეტე წუთზე გახსნა. ტაიმის ბოლომდე გიორგი ნათენაძემ დუბლი გაიფორმა და პირველი ნახევარი ილიაუნი 2-მა მოიგო. თამაშის განახლებიდან მალევე თსუ-მ წონასწორობა აღადგინა და მატჩის დასკვნით ხუთწუთიან მონაკვეთში მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ლაშა ერქომაიშვილმა გაიფორმა, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი ვიხილეთ საბა ეგრისელაშვილის შესრულებით.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ნათენძე, ილიაუნი 2: „ფაქტია, რომ თავიდან ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით. ნახევარფინალები, სამწუხაროდ, დავთმეთ. შემდეგ გადმოვერთეთ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. როგორც ნახეთ, ძალ-ღონე არ დავიშურეთ, მაგრამ ბრინჯაოს მედლებიც ვერ ავიღეთ და იმედგაცრუებულები ვართ. ცუდი სეზონი გამოგვივიდა. საერთო ჯამში, ყველა მოთამაშემ რაღაც დავაკელით და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. თსუ-სა და ჩვენ შორის დაძაბული თამაშები გამოდის. დრამატული მატჩი გამოგვივიდა, მაგრამ იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს. დავთმეთ ეს მატჩი, რაც სამწუხაროა“.

საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „ვერ გამოგვივიდა საჩემპიონო წელი. დაძაბული სეზონი გამოდგა და ვთვლი, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. შეიძლებოდა ნახევარფინალში უფრო კონცენტრირებული ვყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა. მესამე ადგილი დავიკავეთ, რაც სასიხარულოა ჩვენთვის. როგორც წინა თამაშები, დღესაც ძალიან დაძაბული მატჩი იყო ილიასთან. ვიგებდით, შემდეგ 2-1 გახდა ანგარიში, ისევ მოვახერხეთ წინ გასვლა ბოლო წუთებში, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემი გუნდელების თავდადებული შრომის დამსახურებაა. როდესაც ილიაუნი 2-1-ს გვიგებდა, არ დავნებდით და ჩვენი თამაში გავაგრძელეთ, რაც დაგვეხმარა გამარჯვებაში“.

თსუ 2-მა სადებიუტო 2018/19 წწ. სეზონში ჩემპიონობის შემდეგ ფუტსალის მეორე ლიგაში საპრიზო ადგილი პირველად დაიკავა. 

  © SBM, 2016-2024