მესამე ადგილოსანი გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება!

ყველა სიახლე
30 მაისი 2022


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მესამე ადგილის განმეორებითი მატჩი გაიმართა. თსუ 2-მა ილიაუნი 2-თან სანახაობრივ დერბიში 3-2 იმარჯვა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის პირველ ტაიმში საბა ეგრისელაშვილმა თსუ 2 დააწინაურა. ტაიმის ბოლომდე გიორგი ბოლქვაძემ წონასწორობა აღადგინა. ოცდამეხუთე წუთზე გიორგი გიორგაძემ თსუ კვლავ წინ გაიყვანა. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე საბა მაჩიტიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და შეხვედრა დამატებით დროსთან ახლოს იყო, მაგრამ საბა ეგრისელაშვილმა მეორე გოლის გატანაც მოასწრო და მატჩი თსუ-ს სასარგებლოდ დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა ეგრისელაშვილი, თსუ2: „ილიაუნი ყველა სეზონში ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა და ყოველთვის დაძაბული თამაშები გვაქვს, არც დღევანდელი შეხვედრა იყო გამონაკლკისი. პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ ბოლომდე მოვინდომეთ და არ მოვეშვით. ბოლო წამებზე კი გავიტანეთ გოლი, მაგრამ ეს ჩვენი მონდომების ხარჯზე გატანილი გოლი იყო. აღვნიშნავ, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია. მართალია, ფინალში გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ გვსურს, რომ ფუტსალის ლიგა 2-ში საპრიზო ადგილი დავიკავოთ. მართალია, გუნდში ტრავმიანობაა, მაგრამ მესამე თამაშშიც ბოლომდე დავიხარჯებით“.

გიორგი ნათენაძე, ილიაუნი2: „პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. მეორე ტაიმში შედარებით მობილიზებულად ვიყავით. თამაშში ანგარიშის გათანაბრებაც შევძელით, მაგრამ ბოლო ათ წამში დასანანი შეცდომის გამო ეს შეხვედრა დავთმეთ. მოვემზადებით მესამე მატჩისთვის და ვეცდებით, საპრიზო ადგილი მოვიპოვოთ. სტუდენტური დერბი ჩვენ შორის ყოველთვის დაძაბული და პრინციპულია, ამიტომ გარდამტეხი როლი არ უთამაშია მათ კაცნაკლულობას. თანაბარი თამაში იყო და პატარა შეცდომამ გადაწყვიტა მატჩის ბედი“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური სერიის მესამე მატჩი და ბრინჯაოსთვის გადამწვეყტი შეხვედრა თბილისის ოლომპიურ სასახლეში 6 ივნისს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024