ქუთაისი ევროპის უნივერსიტეტთან სერიაში 2:0-ს ლიდერობს!

ყველა სიახლე
29 მაისი 2022


ქუთაისმა ევროპის უნივერსიტეტთან ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაც მოიგო და ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს.

სანახაობრივი ფინალის პირველი ტაიმი ფრედ (1-1) მიმდინარეობდა, მაგრამ სირენამდე რამდენიმე წამით ადრე EU-მ პენალტი მოიპოვა და შესვენებაზე უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმის სტარტზევე „ქუთათურებმა“ წონასწორობა აღადგინეს (2-2). შეხვედრის ძირითად დროში წინ გასვლა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა, რომლის ბოლო წუთზეც ევროპის უნივერსიტეტის კარი ჯერ ლაშა გელოვანმა, შემდეგ კი გიორგი ბალანჩივაძემ აიღო. ქუთაისმა საბოლოოდ 4-2 იმარჯვა და სერიაში მეორე მატჩიც მოიგო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბაკურ გულუა, ქუთაისი: „სიმართლე გითხრათ, ველოდით ასეთ თამაშს. წინა შეხვედრის ანგარიში არ ასახავდა მეტოქის ძალას. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ეს გამარჯვება ბიჭების თავდადების, ერთსულოვნების და შრომის შედეგია. საკმაოდ გამოცდილი მოწინააღმდეგე გვყავს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის“.

ლაშა იოსებიძე, EU-ს დამხმარე მწვრთნელი: „რთული შეხვედრა იყო, ჩემი აზრით, გარკვეული უპირატესობა გვქონდა ჩვენ. ქუთაისი კარგი გუნდია, ანგარიში წაიყვანეს. ჯამში რომ ავიღოთ, ჩვენ ბევრად მეტი პოტენციალი გვაქვს. 2-0 სერიაში არ არის ისეთი ანგარიში, რომ ვერ დავატრიალოთ და მგონია, რომ საბოლოოდ მაინც ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს საქმეს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ქუთაისს უფრო მეტად გაუმართლა. პირველ მატჩში ცალსახად გვაჯობეს, მაგრამ დღეს თანაბარი თამაში იყო, რაღაც მომენტებში ჩვენ ვჯობდით. ამ სერიაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

მესამე ადგილისთვის განმეორებითი მატჩი თსუ 2-სა და ილიაუნი 2-ს შორის 30 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 6 ივნისს კი ფინალური სერიის მესამე მატჩი შედგება.

  © SBM, 2016-2024