თსუ 2-მა UG პირველ მატჩში ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა!

ყველა სიახლე
13 აპრილი 2022


თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წ.წ. სეზონის ¼ ფინალებმა სტარტი თსუ 2-ისა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით აიღო.

დაძაბულ მატჩში ანგარიში ლაშა ერქომაიშვილმა მეათე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე სხვაობა ორ ბურთამდე ალექსანდრე ქაჯაიამ გაზარდა. თსუ-მ თამაშის ბოლომდე კარი მშრალად შეინახა და უპირატესობის გაზრდაც შეძლო. გუნდს გამარჯვებაში ერთი გოლით შალვა ცხადაძე დაეხმარა, საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ალექსანდრე ქაჯაიამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „ჩემპიონატში ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი დაგვიდგა. მძიმედ და თანაბარ ძალებში მიმდინარეობს ტურნირი. ჩემი აზრით, წინ არავინ არ არის. ეს დაგვანახა დღევანდელმა მატჩმაც. ანგარიშმა არ მოგვატყუოს, ბოლოს გავიტანეთ ორი გოლი. თითოეულ შეცდომას შესაძლოა გადამწყვეტი ფასი ჰქონდეს. ახალგაზრდა გუნდი მყავს, პირველ რიგში, სამომავლოდ მათთვის ეს გამოცდილება იქნება უდიდესი, შემდეგ უკვე მიეჩვევიან ამ ნერვიულობის ფონის გადალახვას, რომელიც პირველ წუთებში იგრძნობოდა. ჰქონდა მოწინააღმდეგეს რამდენიმე ჩხვლეტა, ჩვენ ვაჩუქეთ მომენტები, იქ რომ გაეტანათ სხვანაირი თამაში წავიდოდა. მეორე შეხვედრა ბევრად ძნელი იქნება და მეტად მონდომებულები უნდა გამოვიდეთ, რათა სერია ჩვენს სასარგებლოდ დავხუროთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ¼ ფინალურ მატჩში ევროპის უნივერსიტეტი და გორს ეთამაშება.

  © SBM, 2016-2024