დაძაბულ მატჩში ქუთაისმა და EU-მ ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
26 მარტი 2022


ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრამეტე ტური ქუთაისისა და ევროპის უნივერსიტეტის დაძაბული შეხვედრით დასრულდა. საკუთარ კედლებში „იმერლებმა“ ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება შეძლეს და საბოლოოდ გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 3-3.

მეათე წუთისთვის EU თამაზ ვახანიასა და აველო კიკვაძის გოლებით ორი ბურთით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე ქუთაისის რიგებიდან ირაკლი გაბრიჭიძემ ერთი გოლი გაქვითა. ლაშა გელოვანმა მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინა, ოცდამეცხრამეტე წუთზე კი თორნიკე ხაჭაპურიძემ გუნდი წინ გაიყვანა, მაგრამ სულ რამდენიმე წამში გიორგი გიორგაძისგან საპასუხო გოლი მიიღო და მატჩი საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თამაზ ვახანია, EU: „მოვინდომეთ ძალიან. ისევე უნდა გვეთამაშა ბოლომდე, როგორც თავიდან დავიწყეთ. ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ არასწორად გადავაადგილდებოდით და ჩვენი ბრალია, რომ გაგვითანაბრეს ანგარიში. მარტივად შეგვეძლო ამ თამაშის მოგება, უფრო დიდი ანგარიშით. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. პირველი გოლი რომ გავუშვით, შემდეგ ემოციებს ავყევით. ყველა ვარიანტში გვჭირდებოდა ეს ქულები, მაგრამ ჯერ წინაა ყველაფერი“.

ლაშა გელოვანი, ქუთაისი: „როგორც ველოდით, თამაში რთული გამოვიდა. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. შეცდომები დავუშვით და ორი ბურთი მივიღეთ. შემდეგ დავბრუნდით თამაშში და გავქვითეთ ბურთები. დანაკლისი გვქონდა, ბექა ტუღუში და კიდევ ერთი მოთამაშე გვაკლდა. საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილები ვართ. ბოლოს შეგვეძლო მოგვეგო კიდეც, მაგრამ ძალიან ძლიერი გუნდია ევროპის უნივერსიტეტი და წარმატებებს ვუსურვებ“.

30 და 31 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის სამი გადადებული შეხვედრა გაიმართება. 4 აპრილს კი მეოცე ტურის შეხვედრები ჩატარდება.  

  © SBM, 2016-2024