თსუ 2-მა UG-ის ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. სასტარტო მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი თსუ 2-ს შეხვდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაშში თსუ-მ იმარჯვა, ანგარიშით 7-3 და UG-ის ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
UG-მ ორბურთიანი უპირატესობა საწყის თხუთმეტ წუთში მოიპოვა. ტაიმის დასრულებამდე თსუ-მ წონასწორობა აღადგინა და შესვენების შემდეგ წინაც გავიდა (2-3). ოცდამერვე წუთზე „სტუდენტურ დერბიში“ ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა (3-3), მაგრამ გეგა კოშაძემ მეორე გოლიც მიითვალა და თსუ დააწინაურა. საბა ეგრისელაშვილმა დარჩენილ დროში დუბლი გაიფორმა, თორნიკე კვიტატიანმა კი საბოლოო ანგარიში 7-3 დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ზურაბ შერმადინი, UG: „პირველი ტაიმის პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე მივიღეთ გოლი, რამაც ცოტა აგვრია. გუნდიც ვერ დალაგდა და ვეღარ ვითამაშეთ. მეორე ტაიმს უკომენტაროდ დავტოვებ, შემდეგისთვის გამოვასწორებთ. ცოტა მოდუნებულები ვიყავით, ბიჭებმა თავის თავში ვეღარ იპოვეს ძალა თამაშის მოსატრიალებლად და სამწუხაროდ, დავთმეთ მატჩი“.
ლაშა ერქომაიშვილი, თსუ2: „მეორე ტაიმში მეკარე არ გვყავდა, ფეხბურთელი ჩადგა და დაცვაში ვიდექით. ყველამ ვიბრძოლეთ და დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი იყო 2-0-ს რომ ვაგებდით ათმეტრიანი ჯარიმის გამოყენება, ამ მომენტმა წაიყვანა ჩვენი გუნდი მოგებისკენ. ორი ბურთის ამოქაჩვამ ჩვენს გუნდს მუხტი შემატა. UG-ის მეორე წრეში წაგება არ ჰქონია და ძალიან გვიხარია, რომ მათი დამარცხება შევძელით“.
XVI ტურის სხვა მატჩებში ქუთაისი ილიაუნი 2-ს ეთამაშება, გორი კი ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.