ქუთაისმა თსუ 2-ს მესამე შეხვედრაშიც აჯობა!

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2022


თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის დასკვნითი, მესამე წრე დაიწყო. მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში ქუთაისი თსუ 2-ს დაუპირისპირდა და ორმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში 5-4 იმარჯვა.

პირველ ტაიმში „სტუდენტები“ ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ქუთაისმა წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა და გუნდები მეორე ნახევარს ანაგრიშით 2-2 შეხვდნენ. თამაშის განახლებიდან ხუთწუთიან ინტერვალში „იმერლებმა“ სამი გოლი გაიტანეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. თსუ-მ ბოლო წუთებამდე იბრძოლა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და ქუთაისთან გამართულ მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.

ქუთაისმა ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში ილიაუნი 2-სა და ევროპის უნივერსიტეტთან სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა, რითაც XV ტურის შემდეგ ლიდერობას შეინარჩუნებს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ქაჯაია, თსუ 2: „მეორე ტაიმში ცოტა გვიან ჩავერთეთ თამაშში, რის გამოც, დასაწყისშივე სამი გოლი გავუშვით. უცებ შემოგვიტიეს და მზად არ დავხვდით. როგორც პირველი ტაიმი დავიწყეთ, ისე უნდა დაგვეწყო მეორეც. ქუთაისი, რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქეა. გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფუტსალს თამაშობენ. სამივე თამაში მათთან თანაბრად მიდიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც  ჩვენ დავმარცხდით. ისევ და ისევ უყურადღებობის გამო. კიდევ თუ მოგვიწევს შეხვედრა უკვე სხვანაირად მომზადებულები ვიქნებით და ამდენ შეცდომას აღარ დავუშვებთ“.

ირაკლი გვეტაძე, ქუთაისი: „თსუ ძალიან კარგი გუნდია. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, მონდომებული და პერსპექტიული. კარგი და ლამაზი თამაში გამოვიდა. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად დავიხარჯეთ. გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობები და მივაღწიეთ შედეგს. პირველ ტაიში ძალიან დავიღალეთ, გზამაც იმოქმედა. შემდეგ დავისვენეთ, მწვრთნელებისგან მივიღეთ რჩევა-დარიგებები და აქტიურმა პრესინგმა გამოიწვია ეს წარმატება და შედეგი“.

XV ტურის სხვა შეხვედრებში გორი აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტს ეთამაშება, ილიაუნი 2 კი ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. 

  © SBM, 2016-2024