სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2022


ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ცენტრალური მატჩი ევროპის უნივერსიტეტსა და თსუ 2-ს შორის დაძაბული გამოდგა და ფრედ 3-3 დასრულდა.

სანახაობრივი და დრამატული „სტუდენტური დერბი“ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თსუ 2-მა საწყის ტაიმში ორჯერ შეძლო წინ გასვლა (1-0; 2-1), მაგრამ EU-მ წონასწორობა ჯერ ბადრი კალანდაძის, შემდეგ კი აველო კიკვაძის გოლით აღადგინა. ოცდამეთორმეტე წუთზე გიორგი კუპრეიშვილმა EU დააწინაურა (3-2), მაგრამ საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე გეგა კოშაძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და თსუ-მ ანგარიში გაათანაბრა (3-3).

ევროპის უნივერსიტეტმა ზედიზედ მეორე მატჩში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, სატურნირო ცხრილში ილიაუნი 2-ს გაუთანაბრდა და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგებით მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ტურის სასტარტო მატჩში ილიაუნი 2-მა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან 10-1 იმარჯვა. ილიაუნიმ მეტოქეს პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, დარჩენილ დროში კი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ დამაჯერებლად მოიგო. შეხვედრაში დუბლი გაიოზ აგახანოვმა გაიფორმა.

მეთოთხმეტე ტურის დასკვნით მატჩში ქუთაისი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში პირველობას გაიმყარებს.

  © SBM, 2016-2024