თსუ 2-მა "სტუდენტურ" დერბიში UG-ს სძლია!

ყველა სიახლე
08 ნოემბერი 2021


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეორე ტური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გუნდისა და საქართველოს უნივერსიტეტის დერბით დასრულდა.

თსუ 2 თამაშის დაწყებიდან ხუთ წუთში ორი ბურთით ლიდერობდა. ოცდამეთოთხმეტე წუთზე UG-მ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, მაგრამ საბა ეგრისელაშვილმა ორბურთიანი სხვაობა მალევე აღადგინა და მატჩი საბოლოოდ 3-1 თსუ 2-ის სასარგებლოდ დასრულდა.

ტურის სხვა შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტმა გორთან 6-4 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მატჩში დუბლითა და ორი საგოლე გადაცემით გიორგი ქურხული გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მირიან ჯანგავაძე, UG-ის მთავარი მწვრთნელი: „ისევ ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს და ფაქტობრივად, ახალი გუნდი ვართ. საკმაოდ მაღალი მიზნები გვაქვს. თსუ ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე. მით უმეტეს, სეზონის პირველი თამაშისთვის რთული იყო. შემდეგში აუცილებლად ვეცდებით, რომ შედეგი გამოვასწოროთ. კიდევ ორჯერ შევხვდებით ამ გუნდს. დღეს პირველ რიგში გამოცდილება და შეუთამაშებლობა დაგვაკლდა. ჩვენთვის პირველი თამაში იყო, თსუ-სგან განსხვავებით და ამანაც თავისი გავლენა მოახდინა“.

ალექსანდრე ქაჯაია, თსუ2: „საკმაოდ ძლიერი კონკურენტია UG და გაგვიჭირდა მათთან თამაში. მაინც შევძელით მეტოქის დამარცხება. ჩვენ ალბათ უფრო მომზადებულები გამოვედით თავიდან. პირველი ორი გოლის შემდეგ მოწინააღმდეგე უკეთ დადგა დაცვაში და გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. დაგვანახეს, რომ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით საჭირო გოლების გატანა. ძველი მოთამაშეების გამოცდილების ხარჯზე დავამარცხეთ UG”.

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტური 12 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024