2021/22 წწ. სეზონის პირველ შეხვედრაში გორმა იმარჯვა!

ყველა სიახლე
31 ოქტომბერი 2021


ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონი ქუთაისის სპორტის სასახლეში გორის გამარჯვებით დაიწყო. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სადებიუტო მატჩი სოლიდური ჩამორჩენით 8-2 დათმო.

შეხვედრის პირველი ტაიმი გორელების ორბურთიანი უპირატესობით წარიმართა. „ქუთათურებმა“ მცდელობების მიუხედავად, სხვაობა მნიშვნელოვნად ვერ შეამცირეს და გორმა სეზონის სტარტზე დამაჯერებელი სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ანიაშვილმა და ილია ლუკაშვილმა გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვალერი კუბლაშვილი, აწსუ: „პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ეს ტურნირი ჩვენთვის გამოწვევაა. გუნდში ძირითადად ახალგაზრდები არიან. ამ სეზონით გამოცდილებას მივიღებთ. სამწუხაროდ, გვაჯობა მეტოქემ, მაგრამ გამოვასწორებთ თამაშს. მხოლოდ ათი დღეა, რაც ვვარჯიშობთ და ესეც დაგვეტყო. ჩვენი მიზანია შემდეგ მატჩში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ“.

ბექა მამაგულაშვილი, გორი: „ყველას ვულოცავ ჩემპიონატის დაწყებას. ჩვენთვის პირველ მატჩში მოგება მნიშვნელოვანი იყო. ქუთაისში თამაში ყველა გუნდისთვის რთულია. კარგი მეტოქე გვყავდა, უბრალოდ ფუტსალში მეტი გამოცდილება სჭირდებათ და წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩვენს გუნდში უმეტესობა ძველი მოთამაშეები არიან, მაგრამ იმ სამი ახალი ბიჭით, რომელიც დავიმატეთ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველამ ასი პროცენტით შეასრულა ის დავალება, რაც ჰქონდა და ამისთვის მადლობა. მომდევნო თამაში ევროპის უნივერსიტეტთან გვაქვს, რომელსაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ტურნირის ფავორტია. სანახაობრივი მატჩი გველის“.

პირველი ტურის სხვა შეხვედრაში ილიაუნი 2 ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, თსუ 2 კი ქუთაისის „ქუთაისს“ გაეჯიბრება.

  © SBM, 2016-2024