CAI CUP-ის ფინალში საქართველოს ბანკი და დიპლომატ ჯორჯია ითამაშებენ!

ყველა სიახლე
18 ივლისი 2021


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კავკასიის ავტო იმპორტის თასის გათამაშების ½ ფინალური შეხვედრები გაიმართა. CAI CUP-ის ფინალში საქართველოს ბანკი და დიპლომატ ჯორჯია ითამაშებენ.

დიპლომატ ჯორჯიამ ფარვანა მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ოცდამეთორმეტე წუთზე ვალერ ინაშვილმა გაიატანა. ფარვანას მცდელობის მიუხედავად, თამაშში წონასწორობა ვერ აღდგა და დიპლომატმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

დღის სასტარტო მატჩში საქართველოს ბანკმა ICR-თან 4-1 იმარჯვა. შეხვედრის პირველი ტაიმი „ბანკირების“ მინიმალური უპირატესობით დასრულდა. თამაშის განახლებიდან ოთხ წუთში ICR-მა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ BOG-მა დაწინაურება კვლავ მოახერხა და თამაშის ბოლო წუთზე სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი წივილაშვილმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ჯაბა ხანიაშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „გუნდში კარგი განწყობაა. დავალებები შევასრულეთ. კარგი თამაში გამოვიდა. ანგარიშზე უფრო ხარისხით ვართ კმაყოფილები. კარგი ფინალი გველის. ჯერ არ გვითამაშია ფინალში და ვეცდებით პირველივე ჯერზე ტიტული მოვიპოვოთ“.

დავით ცხონდია, BOG: “ჩვენი უპირატესობა ის იყო, რომ მეტოქის თამაში კარგად შევისწავლეთ. დაახლოებით ვიცოდით მათი ტაქტიკა, რაც მწვრთნელმა გამოიყენა. ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ICR ძალიან კარგი გუნდია. ფინალისთვის, მგონია, რომ მთავარი ფსიქოლოგიური მომზადებაა. ჩვენს გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. დიდი კლასი აქვთ და მგონია, რომ კონცენტრირებულად თამაშით ყველაფერს შევძლებთ“.

კავკასიის ავტო იმპორტის თასის ფინალი 1 აგვისტოს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024