ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეები!

ყველა სიახლე
11 ივლისი 2021


ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის გამარჯვებული ილიაუნი 2 გახდა.

საჩემპიონო სერიაში ილიაუნი 2 არმიას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი 8-6 დათმო, განმეორებით შეხვედრაში 5-2 იმარჯვა და სერიაში წონასწორობა აღადგინა. 10 ივლისს კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გადამწყვეტი ფინალური დაპირისპირება გაიმართა, სადაც ილიაუნიმ სრული დომინირებით მეტოქე 7-1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი საბა მაჩიტიძემ გაიფორმა.

ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. საუკეთესო მეკარედ არმიას კარის დარაჯი, ვახტანგ ტერუნაშვილი დასახელდა. საუკეთესო მცველი დავით თაბაგარი (ილიაუნი 2) გახდა. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული მალხაზ შამილაძეს (ბსსა) ერგო. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ლაშა კურტანიძეს (ილიაუნი 2) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტი 14 შედეგიანი გადაცემით ბაკურ ნანეიშვილია (არმია). სეზონის საუკეთესო მოთამაშე საბა მაჩიტიძე (ილიაუნი2) გახდა, რომელიც 33 გატანილი გოლით გამოირჩა და საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც მიიღო.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ბაკურ ნანეიშვილი, არმია: „დავიმსახურეთ ეს ფინალი. ჩემი აზრით, უკეთ შეგვეძლო თამაში. ძალიან ცუდი ბურთები გავუშვით და ამან გაგვტეხა. ილიაუნი კარგი და გამოცდილი გუნდია, ეკუთვნოდათ და ღირსეულად გაიმარჯვეს. ფინალის წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ დებიუტისთვის ძალიან კარგი შედეგია. წინა ორი თამაში, დღევანდელთან შედარებით, ძალიან განსხვავებული იყო. ვერ ჩავდეთ ის მუხტი. ასეთ დიდ ტურნირზე ჯერ არ გვითამაშია. გამოუცდელობას დავაბრალებდი მაინც და ნერვიულობას“.

ვახტანგ ტერუნაშვილი, არმია: „ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა, ვინც მობრძანდა. უფრო მეტს ველოდებოდით თამაშისგან. უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეგვეძლო, მაგრამ არაუშავს. მომავალ წელს უფრო მეტს ვიბრძოლებთ. მეტს ვიმუშავებთ. შეცდომები ბევრი იყო და აუცილებლად გამოვასწორებთ. შემდეგ სეზონში იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონის თასს ავიღებთ. ჩემთვის პირველი ტიტულია. ასე თუ ისე კარგი გამოვიდა, მაგრამ ეს გუნდს არ გამოადგა, უკეთ შეიძლებოდა ყველაფრის გაკეთება“.

მალხაზ შამილაძე, ბსსა: „სეზონს საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებდი, რადგან ჩვენთვის სადებიუტო სეზონი იყო. ამის გათვალისწინებით მესამე ადგილი კარგი შედეგია. უკეთესი იქნებოდა, ფინალი გვეთამაშა, რისი შანსიც გვქონდა, მაგრამ არ გამოვიდა. ლოგიკურ შედეგამდე მივედით საბოლოოდ. ვფიქრობ, გულდაწყვეტილი არავინ არ იქნება ჩვენთან. ჩემი ჯილდო, უმეტესწილად, გუნდელების დამსახურებაა. ხელს მიწყობდნენ ყველანაირად და თავისუფლება მქონდა მწვრთნელისგანაც. მინდა არმიას მივულოცო მეორე ადგილი და ილიაუნის გამარჯვება“.

ლაშა კურტანიძე, ილიაუნი 2: „სერიაში დავქამბექეთ. პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ მოვინდომეთ და მეორე მოვიგეთ. ფსიქოლოგიურად წინ ვიყავით ამის გამო. 3-1-ზე მაშინვე რომ გავუტანეთ მეოთხე გოლი, ჩემი აზრით, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. გადმოცემულ ჯილდოს არ ველოდებოდი და გამიხარდა. ვფიქრობ, კარგი სეზონი გვქონდა, რეგულარულიც პირველზე დავამთავრეთ“.

პეტრე წულუკიძე, ილიაუნი 2-ის მენეჯერი: „სეზონის დასაწყისში ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ვარჯიშები დავიწყეთ ცოტა გვიან, მაგრამ ძალიან კარგი ახალი მოთამაშეები მივიღეთ. მონდომება, შრომისმოყვარეობა და ყველა ის ასპექტი, რაც შეიძლება გუნდურ სპორტში ფეხბურთელმა გამოამჟღავნოს, ამ გუნდმა ნამდვილად გვაჩვენა. ალბათ ამის დამსახურება იყო ის, რომ რეგულარული სეზონი წარმატებით დავამთავრეთ და ფინალშიც გამარჯვება ვიზეიმეთ“.

დავით თაბაგარი, ილიაუნი 2: „ვთვლი, რომ დამსახურებულად მოვიგეთ. სეზონში სულ რამდენიმე მატჩი იყო, რომელიც მობილიზების გამო დავთმეთ. ფინალშიც პირველი თამაში ნაკლებად კონცენტრირების გამო წავაგეთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მეტოქეს თავის ნახევარზე ვეთამაშოთ, მაგრამ დღეს ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა ასე. არმიას ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, დაცვაშიც ერთადერთი შეცდომა დავუშვით, მადლობა ყველა მონაწილე გუნდს, ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონი დასრულდა და გულშემატკივარს მომავალ სეზონამდე ემშვიდობება.

  © SBM, 2016-2024