პლეი ოფის ბოლო საგზური EU-ს ერგო!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ში 2020/21 წ.წ. რეგულარული სეზონი დასრულდა.
წრიული ეტაპის დასკვნით მატჩში თსუ 2 ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა. „სტუდენტებს“ ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად მეტოქის ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდათ, მაგრამ შეხვედრა ფრედ 4-4 დასრულდა და პლეი ოფში ილიაუნი 2-ის წინააღმდეგ ევროპის უნივერსიტეტი ითამაშებს.
ლაშა ერქომაიშვილმა მეოთხე და მეცამეტე წუტზე გატანილი გოლებით თსუ დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ანგარიშში სხვაობა სამამდე გაიზარდა. თამაშის განახლებიდან მალევე „ქუთათურებმა“ ორი ბურთი გაქვითეს, რასაც „სტუდენტების“ რიგებიდან საბა გოგოლაძის გოლი მოჰყვა, რომელმაც გუნდს საჭირო უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ თსუ-მ მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა და ჩემპიონატს გამოეთიშა. მართვეს რიგებიდან ჰეთრიკი გიორგი გიორგაძემ გაიფრომა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
საბა გოგოლაძე, თსუ 2: „მართვესთან შეხვედრამდე ევროპის უნივერსიტეტი ილიაუნის ეთამაშა და იქ დაფიქსირებული შედეგით შანსი მოგვეცა, რომ პლეი ოფში გავსულიყავით, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. იმ თამაშით, რაც დღეს ვაჩვენეთ, ის მივიღეთ, რისი ღირსებიც ვიყავით. მოწინააღმდეგეს დიდი მადლობა, იბრძოლეს და დაუფასდათ. ჩემს გუნდზე ვიტყოდი, რომ როდესაც ასეთ შანსს ვერ იყენებ, იმ შედეგს იღებ, რაც გეკუთვნის.“
გიორგი გიორგაძე, მართვე: „სეზონის ბოლო თამაში ჩავატარეთ. ბევრი წაგება დაგვიგროვდა, ამიტომ ჩვენთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. სეზონის გამარჯვებით დასრულება გვინდოდა, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ქულა მაინც ავიღეთ. ცოტანი ვიყავით დღეს, ვარჯიშსაც ვერ ვახერხებთ ხოლმე, ტრავმის გამო მოთამაშეები გვაკლია. ამის ფონზე მაინც ვიბრძოლეთ და შედეგსაც მივაღწიეთ.“
შეგახსენებთ, რომ დასკვნით ტურში, თავის მხრივ, ევროპის უნივერსიტეტმაც ვერ გამოიყენა თავისი შანსი და ილიაუნისთან დამარცხდა, მაგრამ თსუ-სა და მართვეს შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშით ეს მატჩი ნახევარფინალის რეპეტიცია გამოდგა, ვინაიდან, პლეი ოფში სწორედ EU და ილიაუნი2 დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე წყვილი კი არმია და ბათუმის აკადემია არიან.
ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები 12 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, გაიმართება და ორ მოგებამდე გასტანს.