დაძაბულ დერბიში თსუ 2-მა UG დაამარცხა!

ყველა სიახლე
19 მაისი 2021


თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგა 2-ის X ტურის გადადებულ შეხვედრებს მასპინძლობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური დერბი“ თსუ-ს სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.

დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. საბა ეგრისელაშვილმა ანგარიში მერვე წუთზე გახსნა და თსუ დააწინაურა. ბექა ქებაძემ ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მეორე ნახევარში ავტოგოლის შედეგად UG მეტოქეს კვლავ ჩამორჩა და დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვერ მოასწრო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ჯოხაძე, თსუ 2: „პლეი ოფამდე ძალიან ცოტა თამაში რჩება და ყველა ქულა გადამწყვეტია. UG-მ მეორე წრეში მოუმატა, ყველა გუნდთან კარგად ითამაშა და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. დღეს მეტად მონდემებულები ვიყავით, კონცენტრირებულები და ცოტა გაგვიმართლა კიდეც. დარჩენილ მატჩებში მნიშვნელოვანია, ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ, რათა ოთხეულში ადგილი გავინაღდოთ, იქ უკვე დეტალები გადაწყვეტს ყველაფერს და დამოკიდებულია იმაზე, ვინ უკეთ იქნება მომზადებული. ჩვენი შემდეგი მეტოქე გორია, რომელთანაც გასულ სეზონში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დავმარცხდით და ახლა რევანში უნდა ავიღოთ.“

მეათე ტურის მეორე გადადებულ მატჩში ერთმანეთს არმია და ევროპის უნივერსიტეტი ხვდებიან.

  © SBM, 2016-2024