დაძაბულ მატჩში ილიაუნი 2-მა UG-ს სძლია!

ყველა სიახლე
15 მაისი 2021


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის XI ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე დაძაბული „სტუდენტური დერბით“ დაიწყო. ილიაუნი 2-მა შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და საქართველოს უნივერსიტეტთან საბოლოოდ 6-4 იმარჯვა.

ორივე ტაიმში გუნდებმა თანაბარი ბრძოლა აჩვენეს. UG ოცწამიან ინტერვალში გატანილი სწრაფი გოლებით მეოთხე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით ლიდერობდა. წონასწორობის აღდგენის შემდეგ ტაიმის მიწურულს საქართველოს უნივერსიტეტი კვლავ დაწინაურდა, მაგრამ ილიაუნიმ მესამე ბურთიც რამდენიმე წამში გაქვითა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი დაწინაურდა კიდეც. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი ბურთი ნიკოლოზ ბოლქვაძის ანგარიშზეა. დუბლი გაიფორმა UG-ის მოთამაშემ, რამინ ბერაიამ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ახლანძე, ილიაუნი 2:„წინა შეხვედრაში ჩვენმა მეტოქემ ფავორიტ გუნდთან იმარჯვა და ფსიქოლოგიურად კარგად იყვნენ განწყობილები. ვიცოდით, რომ დიდი ბრძოლა გველოდა. ორი სწრაფი გოლის შემდეგ ცოტა დრო დაგვჭირდა თამაშის დასალაგებლად. შესვენებაზეც მწვრთნელისგან ახალი დავალებები მივიღეთ. უნდა აღვნიშნო, რომ UG-მ ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშა. ვფიქრობ, კლასის ხარჯზე ვაჯობეთ. გამოუცდელი მოთამაშეებიც გვყავს, გოლის გატანის სურვილი აქვს ყველას და ხშირად ამის გამო ვფლანგავთ მომენტებს, მაგრამ პრობლემების გამოსწორებაზე აქტიურად ვმუშაობთ.“

ბექა ქებაძე, UG:„ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მაღალი ტემპი იყო. გუნდის რამდენიმე წევრი გვაკლდა და ბოლოს უკვე დაღლამ იჩინა თავი. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც, ვერ მოვახერხეთ ქულა მაინც მოგვეპოვებინა. ორივე გუნდი მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ცოტა უიღბლობასაც დავაბრალებდი, ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო. მეორე ტაიმში ყოველთვის გვიჭირდა, დღეს კი ბევრად უფრო ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ.“

XI ტურის სხვა შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი გორს ეთამაშება. 

  © SBM, 2016-2024