ბრინჯაოს ლიგას კვლავ ორი ლიდერი ჰყავს!

ყველა სიახლე
22 დეკემბერი 2019

ბრინჯაოს ლიგას კვლავ ორი ლიდერი ჰყავს!

ბრინჯაოს ლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები მეიჯერელისა და ბანკი ქართუს დაპირისპირებით დასრულდა.

„ბანკირებმა“ კომფორტული უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მოწინააღმდეგე საბოლოოდ ანგარიშით 6:1 დაამარცხეს. დავით აბეჩხრიშვილი გუნდს გამარჯვებაში სამი გოლით დაეხმარა, იაკობ გოგოლაძემ კი დუბლი გაიფორმა.

ტურის სხვა შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯია ენერგო-პროს დაუპირისპირდა. პირველი ნახევარი „დიპლომატების“ სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა თამაშის დასრულებამდე ენერგო-პრომ წონასწორობის აღდგენა მოახერხა, ორი ბურთითაც დაწინაურდა და 3:1 იმარჯვა.

ბაქსვუდმა მტკვარი-ენერჯისთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს დიდი ანგარიშით 6:0 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან თავი თენგიზ უგრეხელიძემ დუბლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მეხუთე ტურის შემდეგ ბრინჯაოს ლიგას ბაქსვუდი და ნაბეღლავი თანაბარი, 12-12 ქულით ლიდერობენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ თოდუა, ქართუ: „მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო, როგორც SBM-ს, ასევე ჩემპიონატის სპონსორებსაც, რადგან ასეთი ორგანიზებული ტურნირით ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობენ ხელს. როგორც იქნა, ვიპოვეთ ჩვენი თამაში და კიდევ ერთხელ ვიმარჯვეთ. მიუხედავად ანაგარიშისა, მოწინააღმდეგე ბოლომდე იბრძოდა, რაც დასაფასებელია. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ. ამ მოგებებმა მოგვცა სტიმული საპრიზო ადგილისთვის ვიბრძოლოთ და იმედია ასეც მოხდება.“

ვერცხლის ლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღის განმავლობაში ერთმანეთს ოქროსა და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024