ფუტსალის ლიგის თასის 1/4 ფინალების წინ!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2019

ფუტსალის ლიგის თასის 1/4 ფინალების წინ!

19 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება.

სადებიუტო გათამაშებაში, რომელშიც მონაწილეობას ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდები იღებენ, ნახევარფინალის საგზურისთვის საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი. განსაკუთრებულ ინტერესს, რასაკვირველია, ჩემპიონატის ორი მთავარი ფავორიტის, TMC თბილისისა და თელასის ასპარეზობა იწვევს, რომლებიც წილისყრამ 1/4 ფინალში შეახვედრა ერთმანეთს. მაყურებელი ცენტრალურ მატჩად სწორედ მათ დაპირისპირებას იხილავს.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდების ვინაობა ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. ერთმატჩიანი იქნება ასევე ფინალური შეხვედრაც.

15:00  / ილიაუნი vs კსუ

„საუნივერსიტეტო დერბი“ ილიაუნისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ფუტსალის ლიგა 2-ს ფარგლებში ორჯერ უკვე შედგა. პირველ დაპირისპირებაში ილიაუნიმ დიდი სხვაობით იმარჯვა - 7:0. მეორე მატჩს კსუ უფრო მობილიზებული შეხვდა და გუნდები დაძაბულ თამაშში ფრეზე გაიყარნენ - 1:1. ორივე მათგანი ფუტსალის ლიგა 2-ს პლეი-ოფებში ასპარეზობას განაგრძობს და საინტერესოა სათასო ბატალიებში გუნდები ძალებს როგორ გადაანაწილებენ.

17:00  / თსუ vs მართვე (ქუთ) 

უმაღლესი ლიგის გუნდებმა ერთმანეთს გვერდი ვერც თასის გათამაშებაში აუარეს. მათ შორის გამართული დაპირსპირებები სანახაობრიობით გამოირჩევა. საინტერესო ფაქტია, რომ თსუ-ს მართვესთან ჯერ მოგება არ აქვს. გიორგი ჭოხონელიძემ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ ახსენა, რომ „უნივერსიტეტელებისთვის“ ეს დაპირისპირება ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან "იმერლებთან" ერთი შეხვედრა ფრედ 4:4 ჩაატარეს, მეორეში კი 3:4 დამარცხდნენ. მართვემ საკმაოდ დიდი ძალები დახარჯა ფუტსალის ლიგის ნახევარფინალში მოსახვედრად და პარასკევს ეს ბრძოლა მარტივი არც მათთვის იქნება.

19:00  / თსუ 2 vs პსპ

პსპ-მ თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე უმაღლესი ლიგის გუნდს სძლია. ამ გუნდებს ერთმანეთთან თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ. ფუტსალის ლიგა 2-ს რეგულარულ სეზონზე მათმა პირველმა დაპირისპირებამ გოლის გარეშე ჩაიარა. მეორე წრის შეხვედრაში კი „ფარმაცევტებმა“ 4:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ თსუ 2-მა და პსპ-მ ფუტსალის ლიგა 2-ს რეგულარული სეზონი I-III ადგილებზე დაასრულეს.

21:00  / TMC თბილისი vs თელასი

მეოთხედფინალის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ფუტსალის ლიგის ორი უძლიერესი გუნდი დაუპირსპირდება. პარასკევს გაირკვევა თუ რომელი მათგანი განაგრძობს თასის გათამაშებაში ასპრეზობას. მათ შორის გამართული მატჩები ყოველთვის დაძაბულობითა და სანახაობით გამოირჩევა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თელასთან მიმდინარე სეზონში ერთხელ 3:1 იმარჯვა, თუმცა ბოლო პაექრობაში „ენერგეტიკოსებმა“ რევანში აიღეს და მეტოქეს 5:3 სძლიეს.

ფუტსალის ლიგის თასის მეოთხედფინალური დაპირისპირებების ლაივში ხილვა მაყურებელს sbm.ge-ზე შეეძლება. ცენტრალური მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კი სილკ HD 3-ზე შედგება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024