ავერსმა პირველი ჩემპიონობა ბრინჯაოს ლიგაში იზეიმა!

ყველა სიახლე
10 აპრილი 2022

ავერსმა პირველი ჩემპიონობა ბრინჯაოს ლიგაში იზეიმა!

ბრინჯაოს ლიგის 2021/22 წწ. სეზონის ჩემპიონი ავერსი გახდა. „ფარმაცევტებმა“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ექვსწლიანი ასპარეზობის შემდეგ პირველად იზეიმეს ჩემპიონობა.

ავერსმა ფინალში ბანკი ქართუ მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. მეთორმეტე წუთზე ჩემპიონი გუნდი თორნიკე ბახტაძემ დააწინაურა. მეორე ტაიმში ანგარიში  ნიკოლოზ თოდუამ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი თამაშის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ზურაბ თარაშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში „ბანკირებმა“ მატჩის ბედი ვერ შეცვალეს და ზედიზედ მესამედ დათმეს დასკვნით შეხვედრაში ჩემპიონობა.

ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშე ზურაბ თარაშვილი გახდა, რომელიც ამავდროულად 8 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ზურაბ თარაშვილი, ავერსი: „დიდი ხანია ვცდილობთ ფინალში გასვლას - ვარჯიშებით, შემადგენლობის გაძლიერებით და მონდომებით. საბოლოოდ მოვახერხეთ ეს და ჩემპიონებიც გავხდით. დიდი მადლობა ყველა მონაწილე გუნდს და ორგანიზატორებს. ძალიან რთული თამაში იყო და ორივე გუნდი ვიმსახურებდით ჩემპიონობას, მაგრამ დღეს ჩვენ მოვიგეთ. სეზონის დასაწყისში არ მქონდა მოლოდინი რომ ასეთ პირად ჯილდოს მივიღებდი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შევედი ფორმაში და მადლობელი ვარ“.

დღეს ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ნიკორას შორის ვერცხლის ლიგის ჩემპიონი გამოვლინდება. 



  © SBM, 2016-2024